Sunday, June 13, 2010

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საინოვაციო ცენტრი გაიხსნა

სკოლების კომპიუტერიზაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საინოვაციო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. ცენტრი მომავლის საკლასო ოთახის მოდელს წარმოადგენს, სადაც წარმოდგენილია უახლესი ტექნიკის ნიმუშები: ინტერაქტიული ელექტრონული დაფა, კომპიუტერები, ლეპტოპები, პროექტორები. HP-ის წარმოების ტექნიკა სამინისტროს კომპანიამ იუ-ჯი-თი (UGT) მოაწოდა.

ინტერაქტიური ელექტრონული დაფა ნოვაციაა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო ბაზარზეც. დაფას უნიკალური შესაძლებლობები გააჩნია. მასზე ყველა მოქმედება ელექტრონულად ხორციელდება, გამოიყენება ნებისმიერი საგნის სწავლების პროცესში, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას დაფა ვირტუალური ლაბორატორიის ფუნქციას იძენს. იგი კომპიუტერთანაა დაკავშირებული და ნებისმიერ მოქმედებას რაც მასზე ხორციელდება კომპიუტერი იმახსოვრებს.

მასწავლებელს ელექტრონული დაფის გამოყენებით შესაძლებლობა ექნება მოსწავლეებს ტესტირება ჩაუტაროს, მოსწავლეები დისტანციური მართვის პულტების დახმარებით დააფიქსირებენ პასუხების თავიანთ ვარიანტებს. თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენება მნიშვნელოვნად ამარტივებს და ადვილად დაძლევადს ხდის სწავლა-სწავლების პროცესს.

საინოვაციო ცენტრში სისტემატიურად ჩატარდება შეხვედრები და სემინარები მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. შეხვედრების მიზანი იქნება აღნიშნული ტექნიკის სწავლების პროცესში გამოყენების მეთოდების გაცნობა დაინტერესებულ პირთათვის, რათა სასწავლო პროცესი უფრო ინტერაქტიული და საინტერესო გახდეს.

განთავსებული ტექნიკის სიახლეები მომავალში სკოლებში გადაინაცვლებს და ცენტრი ახალი ექსპონატებით შეივსება, პროცესს სისტემატიური ხასიათი მიეცემა. ყოველი სიახლე, რისი დანერგვაც სკოლებში გადაწყდება, ჯერ საინოვაციო ცენტრში განთავსდება და მას სამინისტროში მოსული ნებისმიერი სტუმარი გაეცნობა.



Followers