Tuesday, April 29, 2014

გამოსაშვები გამოცდები 20 მაისს დაიწყება

საატესტატო გამოცდების ჩატარების განრიგი.
  • მე-12 კლასელებისათვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყება 20 მაისს პრეტესტით.
  • 21 მაისიდან დაიწყება რეალური გამოცდები – ქართული ენითა და ლიტერატურით
  • 22,23 მაისი – ისტორია და უცხო ენები
  • 24 მაისი – მათემატიკის გამოცდით დასრულდება.
  • 25 მაისი – სარეზერვო დღე  მათთვის  ვინც ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ოქტომბერში.
  • გისურვებთ წარმატებებს.

Thursday, April 24, 2014

სიახლეები მასწავლებლების, მოსწავლეებისა და აბიტურიენტების 2014 წლის გამოცდებში

         სკოლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივნისიდან, ხოლო მეთერთმეტე კლასელების გამოცდებზე რეგისტრაცია 25 აპრილიდან დაიწყება. ამ და გამოცდების შესახებ არსებულ სხვა სიახლეებზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
         "სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს ვიწყებთ 20 მაისიდან. ეს არის სავარჯიშო დღე. სკოლის ადმინისტრაციის ვალდებულებაა, ყველა მოსწავლეს მისცეს ამის საშუალება. ისინი გაივარჯიშებენ, გაეცნობიან პროგრამას. 21 მაისს უკვე ვიწვევთ პირველ გამოცდაზე, რომელიც ტარდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მეთორმეტე კლასელებს, ძირითადად, 4 გამოცდა ექნებათ ჩასაბარებელი: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, უცხო ენა და მათემატიკა. 24 მაისს მათემატიკის გამოცდით დასრულდება საატესტატო გამოცდების პროცესი. ამ პერიოდში იმ მე-12 კლასელებსაც მიეცემათ გამოცდის ჩაბარების საშუალება, რომლებმაც ვერ მოახერხეს ბარიერის გადალახვა შემოდგომის სესიაზე რომელიმე საგანში. მათ ამ გამოცდის გამეორების საშუალება ექნებათ. 25 მაისს კი ქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებს ვიწვევთ ქიმიის გამოცდაზე და ბუნებრივია, იმ მოსწავლეებსაც, რომლებმაც ვერ მოახერხეს ქიმიაში ზღვარის გადალახვა", _ ამბობს მიმინოშვილი.
სკოლის გამოსაშვები გამოცდები 2 ნაწილად არის გაყოფილი. მეთორმეტე კლასელები, როგორც აღვნიშნეთ, 4 საგანს აბარებენ. მათ გამოსაშვები გამოცდების ბარიერის გადალახვა მოუწევთ, რომ შეძლონ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლა. მოსწავლე 10-ბალიანი სისტემით ფასდება და ბარიერი 5,5 ქულაა. მასზე მეტი უნდა მიიღოს მოსწავლემ, ჩაბარებულად რომ ჩაეთვალოს საგანი.
გამოცდები მეთერთმეტე კლასელებსაც უწევთ. ისინი იმ ოთხ საგანს ჩააბარებენ, რომლის სწავლებასაც მეთერთმეტე კლასის ბოლოს ასრულებენ.
"25 აპრილიდან დაიწყება მე-11 კლასელების რეგისტრაცია. გამოცდების ჩაბარება მოუწევთ ივნისის თვეში, ვინაიდან მათი სასწავლო პროცესი 15 ივნისს მთავრდება. მე-11 კლასელები გამოცდას აბარებენ: ქიმიაში, ფიზიკაში, გეოგრაფიასა და ბიოლოგიაში. 13 ივნისს ექნებათ სავარჯიშო გამოცდა, ხოლო პირველი გამოცდა - 14 ივნისს. 15-ში არჩევნებია, მოსწავლეები ამ დღეს დაისვენებენ და 15, 17, 18 -ში გააგრძელებენ გამოცდას. 19 ივნისი იქნება სარეზერვო დღე და ამით დასრულდება 11 კლასელების გამოცდები", _ აღნიშნავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.
გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირებით იქნება, მსგავსი ტიპის გამოცდები 2011 წელს პირველად პილოტირების რეჟიმში ჩატარდა.
მაია მიმინოშვილი დეტალურად განმარტავს, როგორ უნდა მოიქცნენ მოსწავლეები გამოცდის პროცესში:
               "მოსწავლეებს სპეციალური კოდები ექნებათ, რომლის საშუალებითაც შეძლებენ სისტემაში შესვლას. ამის შემდეგ უკვე ეკრანზე ჩნდება დავალება. შემდეგი დავალება დამოკიდებულია იმაზე, როგორ გასცემს მოსწავლე მას პასუხს. ასე რომ ერთი და იგივე კითხვები არ მისდით მოსწავლეებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთდროულად აბარებს გამოცდას. შესაძლებელია, მოსწავლე ნაკლები დავალებით შეფასდეს. მინიმუმი დადგენილია, 25 დავალებაზე ნაკლებს არცერთი მოსწავლე არ მიიღებს. შემდეგ იმსდა მიხედვით, რამდენიც საჭირო გახდება მოსწავლის შესაფასებლად, მათ კიდევ მიეწოდებათ დავალებები".
                   მიმინოშვილის თქმით, რეგისტრაცია ყველა მეთორმეტე კლასელს აქვს უკვე გავლილი და ისინი მაისის დასაწყისში მოსაწვევ ბარათებს მიიღებენ, სადაც მითითებული იქნება გამოცდის განრიგი: დღე და დრო. სავარჯიშო დღისთვის რეგისტრაცია არ არის საჭირო, ამას უზრუნველყოფს სკოლის ადმინისტრაცია და ამით არ შეფასდებიან მოსწავლეები. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრს ყველა სკოლაში თავისი მეთვალყურე ეყოლება მივლინებული.
რაც შეეხება ერთიანი ეროვნული გამოცდებს, რეგისტრაცია 36 500 აბიტურიენტს აქვს გავლილი და ის 26 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტებს სიახლეებს სთავაზობს:
                       2014 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ არჩევით საგნად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაც ჩააბარონ. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ საგანის სწავლება I-IX კლასის ჩათვლით სავალდებულოა, დამამთავრებელ კლასებში კი არჩევით საგნად ისწავლება.
                     უცხოური ენის გამოცდას დაემატება მოსმენის ნაწილი. გამოცდაზე დაახლოებით 10 წუთი იქნება გამოყოფილი იმისთვის, რომ აბიტურიენტმა მოისმინოს უცხოური ენის ტექსტს და მის საფუძველზე გააკეთოს 8 დავალებიანი სავარჯიშო. შესაბამისად, ტესტის ამ ნაწილის მაქსიმალური შეფასება იქნება 8 ქულა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზღვრის გადალახვის ახალი მიდგომის პროექტის შემუშავდა:
                   პროექტის მიხედვით იმ აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც ზღვარი გადალახეს, სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გაიგივების შემდეგ მოხდება. ამ ცვლილების შედეგად ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომლებმაც შედარებით რთული ვარიანტი წერეს, ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ ზღვართან მიახლოვებული ქულა მიიღეს.
                   ცვლილების გატარება შესაძლებელი გახდება, თუ ტესტში, რომელიც მხოლოდ არჩევით პასუხებიანი დავალებებისაგან შედგება (მაგ: ზოგადი უნარები), მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ისე განისაზღვრება, რომ სწორი პასუხების შემთხვევითი გამოცნობის ალბათობა მინიმუმამდე დავა.
პროექტის მიხედვით ცვლილების განხორციელება შესაძლებელი გახდება ზოგად უნარებში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის მხოლოდ 3 ქულით გაზრდის შემთხვევაშიც. ნაცვლად 21 ქულისა, ზოგადი უნარების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 24 იქნება.
სიახლე ეხება იმ თანხას, რომელიც სახელმწიფო გრანტისთვის არის გამოყოფილი (9 მილიონზე მეტი). 50% , ანუ ნახევარი მოხმარდება ბლოკს მათემატიკა/საბუნებისმეტყველო საგნები, მეორე ნახევარი - ჰუმანიტარულს ბლოკს.
                     სიახლეა პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდებისთვისაც. ის მასწავლებლები, რომლებიც არაქართულენონვან სკოლებში ასწავლიან ქართულ ენას, სპეციფიკიდან გამომდინარე ცალკე აბარებენ ქართულის გამოცდას. მიმინოშვილის განცხადებით, ასეთი 500 მეტი პედაგოგია, სასერთიფიკაციო გამოცდებში კი 20 ათასამდე პედაგოგი იღებს მონაწილეობას.
                     "მიუხედავად იმისა, რომ სქემის გადახედვა ხდებოდა მთელი წლის მანძილზე, მაინც ბევრი პედაგოგი დარეგისტრირდა გამოცდებზე. სასერტიფიკაციო გამოცდებზე ბოლო ვადა აღარ არის მასწავლებლებისთვის დადგენილი, როგორც ამას 2014 წლისთვის ვარაუდობდნენ. თუ სქემას შევხედავთ, იქ არის ალტერნატიული გზები, რითაც მოახერხებს პედაგოგი ე.წ. კრედიტების დაგროვებას და ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლას, თუმცა იმისათვის რომ სქემაში მოხვდეს, აუცილებლად მოუწევს საგნობრივი კომპეტენციების დადასტურება, ამ შემთხვევაში მოუწევს პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება. ასე რომ სასერტიფიკაციო გამოცდებს თავისი მნიშვნელოვანი ადგილი აქვს სქემაში",_ აცხადებს მაია მიმინოშვილი.
                       სამაგისტრო გამოცდებს რაც შეეხება, მაგისტრობის მსურველები გამოცდების პროცესს უერთდებიან 7 ივლისიდან. 2014 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი ასეთია: 7 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი: A, B, ჩ და D);
8 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი: A, B, ჩ და D); 14 ივლისი (მეორე სესია 14:00 სთ.) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი - E); 15 ივლისი (მეორე სესია 14:00 სთ.) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი - E).

Tuesday, April 15, 2014

პირველკლასელთა რეგისტრაცია მომავალი კვირიდან დაიწყება-საჭირო საბუთები

        პირველკლასელთა რეგისტრაცია სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება. 
       ამათან, როგორც Aris.ge-განათლებას განათლების სამინისტროში განუცხადეს, იმ პირველკლასელთა რეგისტრაცია, რომელთა ოჯახის წევრებიც უკვე სწავლობენ სასურველ სკოლაში, შესაძლოა უკვე ამ კვირის ბოლოს დაიწყოს.

         პირველკლასელთა რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში ჩატარდება და მშობლებმა განაცხადი ვებ-გვერდზე www.registration.emis.ge უნდა შეავსონ.

ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი სასურველ სკოლაში საჭირო საბუთები უნდა წარადგინონ:

1. ბავშვის დაბადების მოწმობა (ორიგინალი)
2. დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
3. ჯანმრთელობის ცნობა
4. 2 ფოტოსურათი 3X4-ზე
5. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები
6. სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი საბუთი (ასეთის არსებობის      შემთხვევაში)
7. დევნილობის სტატუსის დამადასტურებელი საბუთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

პოექტ - გაკვეთილი

           პროექტი, რომლითაც XI კლასის მოსწავლეთა აქტივმა პატივი მიაგო ილია ჭავჭავაძის ხსოვნას, აპრილის პირველ კვირას ჩატარდა. მოსწავლეემბა დაათვალიერეს სახლმუზეუმი საგურამოში, ჩაატარეს ლიტერატურული ღონისძიება სათაურით: ,,სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარია", შემდეგ კი დაალაგეს მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია და დარგეს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გადაცემული ხუთი ნერგი.



ხარისხის მართვის კოორდინატორმა ქალბატონმა ნარგიზ ქილიფთარმა, პედაგოგებს გააცნო ,,მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტი" და ,,სქემასი ჩართვის მოდელი".



Wednesday, April 9, 2014

სსიპ ქალაქ თბილისის #94 საჯარო სკოლაში ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის სასკოლო ეტაპზე გამარჯვებული ესე ,,არა ნარკოტიკს", ავტორი - სალომე კალანდაძე

                     არა ნარკოტიკს
ნარკოტიკი ( ბერძნული სიტყვაა narkotikos და  გამაბრუებელს, დამაძინებელს ნიშნავს) ნივთიერებაა, რომელსაც მედიცინაში იყენებენ ტკივილგამაყუჩებლად, ნარკოტიკებს უწოდებენ ნებისმიერ ქიმიურად აქტიურ ნივთიერებას, რომლებიც სპეციფიურ გავლენას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ხშირ შემთხვევაში ნარკოტიკებს იყენებენ იმ სასიამოვნო შეგრძნების გამო, რომელიც გამოყენებისთანავე თავს იჩენს, ამ დროს ადამიანს აქვს  დადებითი ემოციები, უადვილდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, არ გრძნობს დაღლილობას და აქვს ხილვები.
ამ თითქოსდა ,,დადებითი’’ თვისებების გარდა, მას დამანგრეველი მოქმედება ახასიათებს,
 რომელიც ვლინდება როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ და სოციალურ ჭრილში, პიროვნება
დეგრადირდება. მისი ხშირი გამოყენება იწვევეს უამრავ დაავადებას და, უკიდურეს შემთხვევაში,
ფატალური შედეგიც ახასიათებს.  
,,აკრძალული ხილით’’ დაინტერესება უმთავრესად გარდატეხის ასაკში ხდება, რადგან ამ დროს მოზარდი ,,ფერად სამყაროს’’ სწყდება და იძულებულია, ,,შავ-თეთრ რეალობას’’ თვალი გაუსწოროს, ეს რთული პროცესია, მისი გადალახვა უძნელდებათ და ამიტომ ირეალურ სამყაროში არჩევენ ყოფნას.
განვიხილოთ ნუგზარ შატაიძის მოთხრობა ,,მოგზაურობა აფრიკაში’’ მოვლენები ქუჩაში ვითარდება, სადაც მძიმე ცხოვრების გაუვნებელყოფასა და მწარე რეალობისგან გაქცევას უპატრონო მოზარდები  ,,წებოს’’ საშუალებით ცდილობენ, ეს მათი ყოველდღიური ,,საქმიანობაა’’. სწორედ ამ ნაწარმოების მიხედვით გადაიღო ფილმი ,,გაღმა ნაპირი’’ რეჟისორმა გ. ივაშვილმა. ასევე აღსანიშნავია კინოფილმი ,,გასეირნება ყარაბაღში’’, რომელიც 90-იანი წლების თბილისელ ბიჭებზე მოგვითხრობს, მათ მავნე გატაცების, ნარკოტიკის    მოპოვების სურვილი  არასასურველ სიტუაციაში აყენებთ.
თუმცა  მხოლოდ მძიმე სოციალური პირობები და ომი არ განაპირობებს ნარკოტიკისკენ მიდრეკილებას. ადამიანს, რომელიც ამქვეყნიურ ,,სამოთხეში’’ ცხოვრობს და უზრუნველყოფილია ყველაფრით რაც სურს, რატომ უნდა იზიდავდეს ,,თეთრი სიკვდილი’’? ვიტნი ჰიუსტონმა, ემი ვაინჰაუსმა  და უამრავმა მსოფლიო ვარსკვლავმა სიცოცხლე ხომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, ,,ფერად სამყაროში’’,  დაასრულა! ამრიგად, ნარკოტიკებისკენ ლტოლვა ყველანაირ სოციალურ გარემოში მცხოვრებ ადამიანს ახასიათებს.ნარკოტიკის  საშუალებით რეალურად  ადამიანი არსებობს, მაგრამ არ ცხოვრობს.    
,,საუკუნის ჭირის’’ მოშორება მარტივად და მოკლე ხანში ვერ მოხერხდება, თუმცა, მინდა მოგიწოდოთ: თუ თითოეული ჩვენგანი ზნეობრივად მივუდგებით ამ საკითხს და გავითავისებთ,რომ ეს არა მარტო ჩვენთვის, არამედ მომავალი თაობისთვისაც დამღუპველია, რადგან ძირს უთხრის ჯანსაღ ცხოვრებას და ამკვიდრებს სამუდამო წყვდიადს, მაშინ ერთობლივი ძალებით მის დამარცხებას მოვახერხებთ.  
გახსოვდეთ, ეს თვითმკვლელობაა! ეს არის დამღუპველი იარაღი  თქვენი აწმყოსი და მომავლისა! უთხარით არა ნარკოტიკს!


სალომე კალანდაძე - X კალსის მოსწავლე

სსიპ ქალაქ თბილისის #94 საჯარო სკოლა

Followers